Friday, July 28, 2023

კირიდაში დას

საჭრეთელი და სკალპელი... თითქოს ცა და დედამიწა.

ამ ორი იარაღის სინთეზს ის ხალხი თუ მოიფიქრებდა (და შეძლებდა), ვისაც სისასტიკის და სინატიფის ასეთი გამაოგნებელი ერთიანობა ახასიათებს (ქართულში ეს ყველაფერი ს-ზე რომ იწყება, დიდი შეღავათი არ უნდა იყოს)...

კირიდაში იაპონური სამუშაო დანაა — საჭრეთლის მსგავსი წახნაგებით, ბასრი პირით და წვეტით. მოკლედ, დავინტერესდი.

 

მასალად მქონდა 1095, მაღალნახშირბადოვანი ფოლადი. არა უჟანგავი, თუმცა უხეშ რამეებზე სამუშაოდ კარგად გამოსადეგი.

ბურღვა, ხეხვა, ქლიბვა და მერე ≈55°-მდე გამთბარ ზეთში წრთობა. მერე გამაგრება (? hardening) ≈180°-ზე რამდენიმე საათით, ცოტა კიდევ ხეხვა და შემდეგ უკვე ადრესატის ინიციალის და სხვა სიმბოლოების გრავირება (12v და მარილ-წყალი).


ტარის მხარეს წიფლის წახნაგოვანი ნაჭრებია დახრახნილი და ცვილით დამუშავებული. გამოყენების სავარაუდო სფერო მერყეობს სამზარეულოს უხეში საქმეებიდან სხვადასხვა ტექნიკურ სფეროებამდე.

მასალა: 1095;
სიგრძე: 16,5 სმ. (8 სმ.  პირი);
პირის სისქე: 2,5 მმ.;
წონა: 70 გ.;
ლესვა: 50°.

Tuesday, July 11, 2023

ზომბილენტი

აპრილი ძალიან დამიმშვენა კახეთში ძმაკაცთან ჩასვლებმა. რა აუცილებელია, ბევრი ვილაპარაკო ხუთ ბედნიერ ბავშვზე, საოჯახო მარანზე, მზიან-ნიავიან ხედებზე და ხევებზე, კარგ სამეზობლოზე თუ უწამლოდ მოვლილ ვენახზე? მოკლედაც შეიძლება ითქვას — ღრმა ბავშვობიდან წამოსული მეგობრობა.

ისე გამოვიდა, დაბადების დღიდან იქით დავბრუნდი დასაჩუქრებული ლენტური ხერხის პირის მკლავისხელა მონაჭერით: სადანე ფოლადის მასალა...

დანებში დიდად გარკვეული არ ვარ: ცოტა გამოყენების გამეგება, ცოტა ლესვის, ცოტაც — ზოგი მასალის ავკარგიანობის. ასე თუ ისე, სამი „ცოტა“ არცთუ ისე ბევრია. უცებ კი ეს უცნაური მასალა...

 — მიდი, მიდი, გააკეთებო, და უცებ ტვინში დაუკითხავად გაჩნდა რაღაც შტრიხები, რას როგორ ვიზამდი. ეგეც გადაწყვეტილება.

მილიმეტრის სისქის და გოჯზე ცოტა ფართე ფოლადი წარმოუდგენლად ელასტიურია. აჭდევებს არმატურებს და თვითონ რაღაც ჯადოთი არაფერს არ იმჩნევს. რა კობალტი, რის კარბიდი, არ იკარებს არცერთ ბურღს ასევე წარმოუდგენელი სიჯიუტით. 5 ნახვრეტი სახელურის მხარეს შედუღებით მომიწია (2.5 მმ ელექტროდი). აი მთელ დანარჩენ სიგრძეს კი მხოლოდ ცივ ნიავს ვაკარებდი — მანდ გადახურება არაფერში მჭირდებოდა. ჭრაც და ლესვაც მხოლოდ დაბალი ბრუნით. არაფრით არ მინდოდა, ეს ფოლადი ხელახლა საწრთობი რომ გამხდარიყო.


გამოვიდა ასეთი მაჩეტე. თავი გამოიჩინა ჯაგნარის ჩეხვაში (ამ დროს ზურგზე ხერხის კბილებიც ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა), ძვლიანი ხორცის დანაწევრებისას, და, რაც მთავარია, საიმედოა ზომბების პოტენციური შემოსევისას ძირითადი თავდაცვის იარაღის როლში )

მასალა: ლეტნური ხერხის ფოლადი;
სიგრძე: 41,2 სმ. (28 სმ.  პირი);
პირის სისქე: 1მმ.;
წონა: 262 გ.;
ლესვა: 60°.